აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ყველა ქალაქში - არასამთავრობოების განცხადება
არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას მიმართავენ, 1-ელი თებერვლიდან
საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა
აღდგეს.
მიმართვას შვიდი ორგანიზაცია აწერს ხელეს: “თბილისის ველომოყვარულთა
კლუბი“, ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, არასამთავრობო
ორგანიზაცია “იარე ფეხით”, “ურბანული ლაბორატორია“, მოძრაობა “ჩემი
ქალაქი მკლავს”, “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და
არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე პოლუსი”.
"COVID-19 პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა ეკონომიკის მრავალ სექტორს,
სრულად შეცვალა ადამიანების ცხოვრება და რთული გამოწვევების წინაშე
დააყენა არათუ განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნებიც კი.
ამ მხრივ განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს საზოგადოებრივი
ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა პანდემიის პირობებში. მოსახლეობის
სურვილი და შესაძლებლობა შეცვალონ ქცევა პანდემიასთან ადაპტირების
მიზნით მნიშვნელოვნად განსხვავდება საზოგადოების ფენებს შორის და
დამოკიდებულია ოჯახის შემოსავალზე და შემადგენლობაზე, სამუშაო
საათების მოქნილობაზე, სახლიდან მუშაობის შესაძლებლობაზე, ციფრული
ტექნოლოგიებით სარგებლობის უნარსა და ავტომობილის ხელმისაწვდომობაზე.
ყოველივე ეს მნიშვნელოვან უთანასწორობას წარმოქმნის ადამიანებში,
რომლის აღმოფხვრაზე ზრუნვა სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა უნდა
იყოს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული აკრძალვა უდიდესი დარტყმაა
მოსახლეობის უღარიბესი ფენისთვის და წარმოადგენს პირდაპირი
დისკრიმინაციის მძიმე ფორმას. სახელმწიფო მოქალაქეთა იმ ნაწილს,
რომლებიც არ ფლობენ ავტომობილს ეუბნება, რომ არ აინტერესებს და სრულად
უგულებელყოფს მის გადაადგილების საჭიროებას. 2016 წელს ჩატარებული
თბილისის შინამეურნეობის კვლევის თანახმად შინამეურნეობის 58%-ს არ
ყავს ავტომობილი. მისი მფლობელობა იზრდება შემოსავლის
პირდაპირპროპორციულად, მაღალია ცენტრალურ უბნებში და დაბალია
გარეუბნებში. თვალსაჩინოა “ჩემი ქალაქი მკლავს“ Facebook-გვერდზე
ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმად, (894 რესპონდენტი)
75% ემხრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას,"--ნათქვამია
განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები