რომელ პარტიას რა თანხა შესწირეს "ქართული ოცნების" კანდიდატებმა კახეთიდან
ამომრჩევლის ინფორმირების მიზნით „საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველო“ სწავლობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის
პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს – მათ
სამეწარმეო საქმიანობასა და პოლიტიკურ შემოწირულებებს.
კვლევაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა,
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი
კანდიდატების მონიტორინგის შედეგებია ასახული. მომავალში კი სხვა
პარტიების მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების კვლევის შედეგებიც
გაქმოვეყნდება.
გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს და სიღნაღის მაჟორიტარობის
კანდიდატი დავით სონღულაშვილი და მისი ოჯახი (მეუღლე
– ქეთევან მაღულარია, მამა – ბიძინა სონღულაშვილი და ძმა – იოსებ
სონღულაშვილი) აქტიურად არიან ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მათ
კავშირი აქვთ 27 კომპანიასთან.
კვლევაში აღნიშნულია, რომ დავით სონღულაშვილს არასრულად აქვს
მითითებული მისი მეუღლის სამეწარმეო საქმიანობა 2020 წლის
დეკლარაციაში, სადაც არ არის ნახსენები შპს „კადო“ და შპს „სი ემ სი
ჯგუფი“. დეკლარაციაში მას ასევე არასწორად აქვს მითითებული მისი წილის
ოდენობა შპს „თიეიჩ ჯორჯიაში“ (33% ნაცვლად 49%-სა). გარდა ამისა,
დეკლარაციაში მითითებულია, რომ პარლამენტის წევრმა 5 კომპანიაში მის
საკუთრებაში არსებული წილი სამართავად სხვა პირს გადასცა, თუმცა ეს
ინფორმაცია არ არის ასახული საჯარო რეესტრში. გარდა ამ 5 კომპანიისა,
დავით სონღულაშვილს საკუთარი წილი დროებით მართვის უფლებით სხვა
პირისთვის არ გადაუცია შემდეგ კომპანიებში: შპს „ინტერგაზი,“ შპს
„პროგრესი“ და შპს „თიეიჩ ჯორჯია,“ რაც საჯარო დაწესებულებაში
ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის
დარღვევაა.
კვლევის თანახმადვე, შპს „კერამიკა ელ ტორენტე +“-ს სახელმწიფო
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში არაპირდაპირ მიღებული
აქვს 10,000,000 ლარის დაფინანსება. ინვესტიცია გულისხმობს კერამიკული
ნაწარმის წარმოებას. სახელმწიფო დაფინანსება ოფიციალურად მიღებული
აქვს მსგავსი სახელის მქონე კომპანიას - შპს „კერამიკა ელ ტორენტე“,
რომელიც 2019 წელს შპს „კერამიკა ელ ტორენტე +“-ს შეერწყა. თუმცა,
დაფინანსების უშუალოდ მიმღები კომპანიის 17%-ს შერწყმამდეც ფლობდა
დავით სონღულაშვილის მამა - ბიძინა სონღულაშვილი.
შპს „სონნეთ ქონსთრაქშენს“ სახელმწიფოს უძრავი ქონების პრივატიზაციაში
აქვს მონაწილეობა მიღებული. 2013 წლის ბოლოს კომპანიამ ელექტრონული
აუქციონის პროცედურით 410 000 ლარად სახელმწიფოსგან შეიძინა თბილისში,
ალექსიძის ქუჩა N1/4-ში მდებარე 1,078 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2 შენობა-ნაგებობა.
კომპანიამ აუქციონში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. პრივატიზაციის
საინვესტიციო პირობა გულისხმობდა საპრივატიზებო ობიექტზე განთავსებული
სატრანსფორმატორო ქვესადგურის სხვა ადგილას გადატანას.
დავით სონღულაშვილი, მისი ოჯახის წევრები და მათი ბიზნესპარტნიორები
მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან. ჯამში 2016-2018 წლებში მათ
მმართველ პარტიას 340 000 ლარი შესწირეს. საინტერესოა, რომ შპს
„გამსახურდიას 5-მა,“ იოსებ სონღულაშვილმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა
ნუკრი ლიპარტაშვილმა ქართულ ოცნებას 2016 წელს თანხა ერთსადაიმავე
დღეს – 4 ოქტომბერს შესწირეს.
თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი და
წარსულში კახეთის ყოფილი გუბერნატორი ირაკლი
ქადაგიშვილი ფლობს შპს „ჯეოდილის“ 15%-იან წილს. ის კახეთში
სახელმწიფო რწმუნებული 2016 წლიდან იყო, მას აღნიშნული კომპანია 2019
წელს დეკლარირებული აქვს, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ, მას
წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. ანგარიშში
ნათქვამია, რომ 2012 წელს ირაკლი ქადაგიშვილმა 16 000 ლარი შესწირა
„თავისუფალ დემოკრატებს“, რომელიც იმ დროს „ქართული ოცნების“
კოალიციის წევრი იყო.
მასალის გამოყენების პირობები