აგვისტოს ომის გმირი, გიორგი ანწუხელიძე, გაიხსენეს ახმეტის
მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში.
ახმეტა- თელავი- ყვარელი- ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქის “ქართული
ოცნების” დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გმირის სახელობის მემორიალი
გვირგვინით და ყვავილებით შეამკო.
" 12 წელი გავიდა იმ ტრაგიკული მოვლენებიდან და ეს ჭრილობა, რა თქმა
უნდა, მოუშუშებელია ჩვენი ქვეყნისთვის და სრულიად ქართველი
ხალხისთვის. ჩვენ პატივს მივაგებთ ამ ომში დაღუპულებს და ყოველდღიურად
ვზრუნავთ იმ ადამიანებზე, ვინც დაზარალებული დარჩა ამ ომით და
დევნილობაში არიან ამჟამად. საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის,
რომ ამ ოკუპაციის შედეგს შეეწინააღმდეგოს და წარმატებით გაართვას თავი
არ აღიარების პოლიტიკას, მინიმუმამდე დაიყვანოს ყველა ის რისკი,
რომელიც შეიძლება ოკუპანტის მხრიდან მოდიოდეს საქართველოს წინაშე,
რამეთუ ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა სწორედ ის, რომ ოკუპაციის
შედეგების მინიმილიზაცია მოვახდინოთ, მივცეთ ჩვენს ქვეყანას
განვითარების საშუალება, რომ არასდროს ავანტურული პოლიტიკის შედეგად
არ მოხდეს ანალოგიური ვითარების გამეორება საქართველოში," - განაცხადა
ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი
გიორგი ანწუხელიძე 12 წლის წინ, 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში
ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. 2008 წლის
ნოემბრამდე სამხედრო მოსამსახურე უგზო-უკვლოდ დაკარგულად
ითვლებოდა.
მოგვიანებით, ცხინვალიდან გადმოსვენებული ათი ქართველის ცხედრისათვის
ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი
წამებით მოკლული გიორგი ანწუხელიძე იყო. გარდაცვალების შემდეგ მას
საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
მასალის გამოყენების პირობები