"ჯერ კიდევ გუშინ შირაქი ულამაზეს ოქროსფერში იყო გახვეული, დღეს კი
ჩვენი ,,სანაქებო ფერმერების" წყალობით ის შავი მტვერით იფარება,
ქარსაფრები კვლავ იწვება, ახლადდაპრესილი ტუკებიც აფეთქებული
ტანკებივით ბოლავენ.
გულგახეთქილი მივადექი ჩემ გაშენებულ ქარსაფარებს, სამწუხაროდ,
ერთ-ერთი ყველაზე კარგად გახარებული მონაკვეთი პირწმინდად დამწვარი
დამხვდა. სახანძროები უთავბოლოდ დარბიან, აღარ იციან რომელი
მიმართულებით წავიდნენ, რამდენიმე შეწუხებული კაცი მიყვება, რომ
გადაუწვეს დაპრესილი ტუკები. სადღაც ტრაქტორი და სათესებიც დამწვარა.
მზესუმზირის ყანის მეპატრონეებზე აღარაფეს ვამბობ, ისეთი
გავარვარებულია ჰაერი, რომ ისედაც ფოთლებშემხმარ მზესუმზირებს,
თავებიც კი გადატრუსული აქვთ. არ მესმის ასე ფეხებზე როგორ უნდა
დაიკიდო ყველაფერი შენს გარშემო. ადამიანები არ ხართ?“- წერს
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის გამგეობის
თავმჯდომარე ამირან კოდიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
ამირან კოდიაშვილს speqtri.ge დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან
საუბარში განაცხადა, ამ წუთას მთელი შირაქის
საძოვრების 10%, 4-5 ათასი ჰექტარი მაინც
იწვება.
„გამოვიარე და დავინახე, რომ კაცს ჰქონდა დაწყობილი პრესები, თან
ისეთი დიდი პრესებია, არც მინახავს ასეთი, ეტყობა უცხოური ტექნიკა
ჰყავთ ჩამოტანილი. ძალიან აქტიურად ხდება დაპრესა, რაც
მისასალმებელია, მაგრამ იმ კაცმა იწვალა, იშრომა, ვიღაცამ კიდევ
მოუკიდა ცეცხლი და მისი შრომა ჩაიწვა. საერთოდაც კარგია, რომ ეს
ნამჯა გაზიდონ აქედან, მაგ შემთხვევაში გადაწვა უფრო ნაკლებ ზიანს
აყენებს ნიადაგს. როცა ჩალა ყრია შიგნით, ცეცხლი და ტემპერატურაც
მაღალია, შესაბამისად, ნიადაგი მეტად ნადგურდება. მაგრამ ესეთი
ადამიანი მანდ რომ იშრომებს და დაუწვავენ, მეორედ მოვა და რამეს
გააკეთებს, რა თქმა უნდა არა.“
ამირან კოდიაშვილის თქმით, რადგან ხანძარი დიდ ტერიტორიაზეა,
მეხანძრეებს ლოკალიზება უჭირთ.
" საჭიროა ფერმერმა საკუთარი ნაკვეთი შემოხნას, რაც ხანძარს
გავრცელების საშუალებას არ მისცემს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ
საერთოდ არ გადაიწვება ქარსაფარი ზოლი და მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ
ეს ზარალს შეამცირებს. სახანძროსაც ექნება საშუალება, უფრო ადვილად
მივიდეს ხანძრის ადგილას. მეხანძრეები გმირულად კი იბძრვიან მაგრამ რა
აზრი აქვს. ეს იგივეა, კასრს რომ ძირი არ აქვს და შიგ წყალს
ასხამ.“
ამირან კოდიაშვილი ყველა ფერმერს, ვინც ნაკვეთის გადაწვას
აპირებს, მოუწოდებს, შემოხნას თავისი ტერიტორია და
გადაწვის ბოლომდე დარჩეს, რათა გააკონტროლოს ცეცხლი და ქარსაფარში ან
სხვა ნაკვეთში გადასვლის შემთხვევაში, გამოიძახოს სახანძრო.
ფოტოები: ამირან კოდიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები