საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი
გაიმართა.
როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა,
ბიულეტენები იბეჭდება 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებისთვის და
თერჯოლასა და სამტრედიაში 6 საარჩევნო უბანზე გასამართი საკრებულოს
შუალედური არჩევნებისთვის.
ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას
ცესკოს წევრებთან ერთად დააკვირდება 2 საერთაშორისო და 5 ადგილობრივი
სადამკვირვებლო ორგანიზაციის 12 დამკვირვებელი.
„საერთო ჯამში, თბილისის 6 სტამბაში 3 709 საარჩევნო უბნისთვის
დაიბეჭდება 3 259 900 ბიულეტენი. მათგან 3 252 800 განკუთვნილია
პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ხოლო 7 100 - საკრებულოს შუალედური
არჩევნებისთვის. ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს, 28 ოქტომბერს,
გადაეცემათ თითო ბიულეტენი პრეზიდენტის ასარჩევად, ხოლო თერჯოლისა და
სამტრედიის 6 უბნის ამომრჩევლებს - ორი ბიულეტენი, როგორც
პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის“, - განაცხადა
ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, კანონმდებლობის თანახმად, ზუსტი აღრიცხვის მიზნით,
საარჩევნო ბიულეტენები თანმიმდევრობით დაინომრება და 50-50 ცალად
აიკინძება ბლოკნოტების სახით. თითოეულ საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა
რაოდენობიდან გამომდინარე, გადაეცემა 50-ის ჯერადი ოდენობის
ბიულეტენი.
აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ეთნიკური
უმცირესობების ენებზე: ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები
მიეწოდება 209 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე - 133
საარჩევნო უბანს. ასევე, ოთხი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება
სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური).
ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულ ვადებში
(არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა), საოლქო საარჩევნო
კომისიებს გადასცემს ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო
კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა
უზრუნველყოფენ ბიულეტენებისმიწოდებას საუბნო საარჩევნო
კომისიებისათვის.
ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ
ასევე იბეჭდება როგორც ამომრჩეველთა სამაგიდო (ფოტოსურათიანი), ისე
სიის საჯარო (კედლის) ვერსია და ამომრჩეველთა ბარათები. ანა მიქელაძის
თქმით, საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში
რეგისტრირებულია 3 518 890 ამომრჩეველი.
მასალის გამოყენების პირობები