ქართული ღვინო მსოფლიოს წამყვან ჟურნალებში მოხვდება
16 მარტს საქართველოს ოთხდღიანი ვიზიტით  21 ღვინის მაგისტრი ეწვია.
პირველი შეხვედრა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა, სადაც მათ შესაძლებლობა მიეცათ  ქართული ვაზისა და ღვინის კულტურასთან დაკავშირებულ უძველეს ნიმუშებს გაცნობოდნენ.

„ღვინის მაგისტრების ასეთი ფართო შემადგენლობით ვიზიტი, კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართულ ღვინოზე ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. მაგისტრების სტუმრობის მიზანია, რომ ქართული ღვინო კიდევ უფრო პოპულარული გახდეს მსოფლიო ბაზარზე. ღვინის მაგისტრების ჩამოყვანა, არის საუკეთესო მაგალითი თუ როგორ თანამშრომობს სახელმწიფო სრუქტურა, ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო და კერძო სექტორი - ასოციაცია „ქართული ღვინო“. სწორედ ასოციაციის დამსახურებით მოხდა შესაძლებელი ამდენი სტუმრის ვიზიტის საქართველოში ორგანიზება“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა.

საქართველოში სტუმრობის დროს ღვინის მაგისტრები მოინახულებენ ღვინის კომპანიებს თბილისში, ქართლსა და კახეთში, სადაც გაიმართება ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები, ეწვევიან სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობას სოფელ ჯიღაურაში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტის დასრულების შემდეგ  მსოფლიო წამყვან ღვინისა და კულინარიის ჟურნალებში დაიწერება სტატიები ქართული ღვინის შესახებ, რაც ტურისტების ნაკადის გაზრდას შეუწყობს ხელს.


| Print |
FaceBook Twitter Google