რა მოხდა ყვარლის პოლიციაში- შსს-ს პირველი განმარტება
19 წლის გიორგი მოლაშვილის ბრალდებაზე, რომელიც შსს ყვარლის რაინული სამმართველოს თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს, speqtri.ge შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა.

უწყებაში ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ გიორგი მოლაშვილი სამართალდამცველს თავად დაესხა. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის 03 თებერვალს, შსს-ს ყვარლის რაიონულ სამმართველოში დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება, გიორგი მ-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების ფაქტზე და ის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-ს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების მიერ გადაყვანილ და შემოწმებულ იქნა თელავის ნარკოლოგიურ კაბინეტში. სრულყოფილი კვლევის მიზნით, ბიოლოგიური მასალა გადაიგზავნა ქ.თბილისში ლაბორატორიულ გამოკვლევაზე. ხოლო გიორგი მ. ნარკოლოგიურ კაბინეტიდან მიყვანილ იქნა შსს-ს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, სადაც მას ინსპექტორ-გამომძიებელმა ვახტანგ მ-მ დააწერინა ხელწერილი, რათა ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ გამოძახებისთანავე გამოცხადებულიყო პოლიციაში. ხელწერილის დაწერის შემდეგ, როდესაც ვახტანგ მ. მარტო დარჩა გიორგი მ-ს გვერდით, იმ მოტივით, რომ ვახტანგ მ. ასრულებდა თავის სამსახურებრივ საქმიანობას, გიორგი მ თავს დაესხა მას და ვახტანგ მ-ს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, დახია მის მიმართ შედგენილი დოკუმენტაცია და ვახტანგ მ-ს დაუზიანა პოლიციელის სამსახურებრივი უნიფორმა. ვახტანგ მ-მ დასახმარებლად იხმო თანამშრომლები - უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და დაცვის პოლიციის ინსპექტორი,  მისი დაკავება ერთობლივი ძალებით მოხდა.
მომხდარი ფაქტის დროს ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო როგორც პოლიციის თანამშრომელმა ვახტანგ მ-მ, ასევე გიორგი მ-მ, დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ვახტანგ მ-ს და გიორგი მ-ს სხეულზე აღენიშნებათ სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რომლებიც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად."- განუცხადეს speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში.

უწყების ცნობითვე, 2016 წლის 3 თებერვალს ლაბორატორიული შემოწმების შედეგად გიორგი მ-ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება "ტეტრაჰიდროკანაბინოლის" განმეორებით მოხმარების ფაქტი, რის გამოც მის წინააღმდეგ შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგესსაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.

შსს-ს-ში განმარტავენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გიორგი მოლაშვილის დედის ბრალდება მისი შვილის რამდენჯერმე უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. უწყებამ speqtri.ge-ს დეტალურად განუმარტა, გიორგი მოლაშვილის დაკავების მოტივი.

1.2013 წლის 30 ნოემბერს გიორგი მ. ყვარლის რაიონული სამმართველოს მიერ მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში სისხლის სამართლის N029091113001 საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, იმის გამო, რომ 2013 წლის 8 ნოემბერს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ქ. თავში ქვის ჩარტყმით მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის 2013 წლის 3 დეკემბერს გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. გათვალისწინებულ იქნა ის გარემოება, რომ ბრალდებული გიორგი მ. დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის იყო 17 წლის, რის გამოც მოხდა მისი, როგორც არასრულწლოვნის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან განრიდება.

2. 2014 წლის 30 აგვისტოს გიორგი მ. ყვარლის რაიონული სამმართველოს მიერ მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში სისხლის სამართლის N029050814001 საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ილია ბ.-ს ცემის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის 2014 წლის 2 სექტემბერს გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 1000 ლარის ოდენობით, ხოლო 17 ნოემბრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

3. 2014 წლის 5 აგვისტოს ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გიორგი მ. დაკავებული იქნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის (პოლიციელის) კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით და 6 აგვისტოს გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ ადმინიტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით.

4. 2014 წლის 15 ოქტომბერს ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გიორგი მ. დაკავებული იქნა წვრილმანი ხულოგნობის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის (პოლიციელის) კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით და იმავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ადმინიტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 5 დღე-ღამის ვადით.

5. 2015 წლის 23 ივნისს ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გიორგი მ. დაკავებული იქნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის (პოლიციელის) კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით და გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ ადმინიტრაციული სახდელის სახით შეეფარდა 7 დღე-ღამის ვადით.

6. 2015 წლის 4 ივლისს ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გიორგი მ. დაკავებულ იქნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის (პოლიციელის) კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით და იმავე დღეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ ადმინიტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 10 დღე-ღამის ვადით.

7. 2015 წლის 25 აგვისტოს ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გიორგი მ. გადაყვანილი იქნა კახეთის ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში, რა დროსაც შემოწმებისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება "ტეტრაჰიდროკანაბინოლის" მოხმარების ფაქტი, რის გამოც გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე ადმინიტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.





| Print |
FaceBook Twitter Google