ცეცხლსასროლი იარაღის შემოწმება სავალდებულო გახდება
5 წელიწადში ერთხელ ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმება შესაძლოა სავალდებულო გახდეს.

შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას შინაგან საქმეთა სამინისტრო ამზადებს.

მთავრობა პარლამენტისთვის პროექტის წარდგენას საგაზაფხულო სესიის განმავლობაში აპირებს.

ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განისაზღვრება.

"გარდა ამისა, მესაკუთრე/მოსარგებლე/დამამზადებელი ვალდებული ხდება თვეში ერთხელ შეამოწმოს საკუთრებაში არსებული იარაღი და მისი შენახვის პირობები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო კი კისრულობს ვალდებულებას, იარაღის მესაკუთრეს/მოსარგებლეს რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას წერილობით გააცნოს იარაღის შენახვის წესი და პირობები. ასევე, მიაწოდოს ინფორმაცია 5 წელიწადში ერთხელ ბალისტიკური შემოწმების ჩატარების ვალდებულების შესახებ. ბალისტიკური შემოწმების 5 წლიანი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე კი გააფრთხილოს შესაბამისი იარაღის მესაკუთრე/მოსარგებლე.

ამასთან ერთად, კანონპროექტით, საქართველოში აკრედიტებული სხვა ქვეყნების საელჩოების საკუთრებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება ენიჭებათ საქართველოში აკრედიტებული სხვა ქვეყნების საელჩოების უსაფრთხოების დაცვის თანამშრომლებს (საქართველოს მოქალაქეებს), მათზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას, საელჩოების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით", - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ნაწილში.

სიახლე სანადირო თოფებს არ შეეხება.
| Print |
FaceBook Twitter Google