ჭრიკიშვილი პარიზის გრან სლემის გამარჯვებულია[Video]
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, ევროპის სამგზის და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, საქართველოს ორგზის საუკეთესო სპორტსმენი ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის გრან სლემის გამარჯვებული გახდა.

ჭრიკიშვილი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე 2014 წლის შემდეგ მეორედ ავიდა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მსოფლიო რეიტინგის ქართველმა ლიდერმა ფრანგულ ტატამზე მოპოვებულ ჩემპიონობასთან და ოქროს მედალთან ერთად, 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და უახლოეს მდევრებს კიდევ უფრო გაუსწრო.

პარიზში ჭრიკიშვილმა 5 მეტოქე დაამარცხა. საწყის ეტაპზე მან ფრანგ ალენ შმიტს და ჰოლანდიელ ნილ ფან დე კამერს აჯობა, მეოთხედფინალში უნგრეთის ნაკრების წარმომადგენელ ლასლო შოხნიაის, ხოლო ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ასლან ხუბეცოვს სძლია, ფინალში კი ქართველმა ძიუდოისტმა ბულგარელ ივაილო ივანოვს მოუგო.

სულ, პარიზის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრების 11-მა წევრმა იჭიდავა, გუნდურ ჩათვლაში საქართველომ მამაკაცთა შორის მე-4 ადგილი დაიკავა 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით.

| Print |
FaceBook Twitter Google