უჩა ნანუაშვილი ახმეტაში მომხდარი ინცინდენტის გამოძიებას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 2016 წლის 23 იანვარს ახმეტაში, სავარაუდოდ ეთნიკური ნიშნით, სამართალდამცველების მხრიდან  გ.გ–სა და ა.წ–ს მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტს ეხმაურება.

"დაზარალებულების მტკიცებით, სამართალდამცავების აგრესიული ქმედებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოაჩინეს რომ ისინი ეთნიკურად ქისტები იყვნენ. ინციდენტის დროს სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ერთად ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მათ ეთნიკურ წარმომავლობაზე ხაზგასმას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დაზარალებულების განცხადებით, ინციდენტში რიგითი სამართალდამცავების გარდა რაიონული სამმართველოს უფროსიც მონაწილეობდა, რომელიც ასევე აგრესიულად იყო განწყობილი მოქალაქეების მიმართ და უშვერი სიტყვებით იხსენიებდა მათ.

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მითუფრო, თუკი ძალადობა მომდინარეობს სახელმწიფოს იმ უწყებების წარმომადგენლებისგან, რომელთა უპირველესი მოვალეობა სწორედ მოქალაქეთა ძალადობისგან დაცვაა. ამასთან, გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ შესაძლოა, ძალადობა გამოწვეული ყოფილიყო დაზარალებულთა ეთნიკური წარმომავლობით, რაც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს."


სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დროულად და ობიექტურად დაასრულოს აღნიშნული ფაქტის გამოძიება.




| Print |
FaceBook Twitter Google