რომელ აბონენტებს გაუძვირდებათ თელავში ბუნებრივი აირი
„ვისოლი“ თელავში თავის აბონენტებს პირველი აპრილიდან ბუნებრივი აირზე ტარიფს გაუზრდის. აღნიშნულთან დაკავშირებით  speqtri.ge ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია გაზის დისტრიბუციის თელავის სერვისცენტრის დირექტორს დავით ჯერმიზაშვილს ესაუბრა.

- "კანონის მიხედვით, 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ, კომპანიას შეუძლია აბონენტებს სემეკის ჩაურევლად ტარიფი გაუზარდოს ან შეუმციროს. 2008 წლამდე ვისაც ჰქონდათ გაზი,  მათ სემეკი არეგულირებს მოქმედი კანონმდებლობით. ტარიფის გაზრდის მიზეზი არის ის, რომ კომპანია ზაფხულის აქეთ ზარალზეა, გაზს დოლარში ვყიდულობთ და ლარში ვყიდით. ვიძლევით პირობას, რომ თუ ლარი ძველ ნიშნულზე დაბრუნდება, ჩვენ იგივე ტარიფს დავუბრუნებთ მოსახლეობას."- ამბობს ის. 

ვისოლს თელავში სულ 17 000 აბონენტი ჰყავს. ტარიფი კი იმ 7 000-მდე აბონენტს გაუძვირდება, რომელიც ვისოლის მომხმარებელი 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ გახდა.



| Print |
FaceBook Twitter Google