ბრაკონიერობაში მხილებულმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა
გურჯაანის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონულმა პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა, რომელიც ბრაკონიერობაში იყო მხილებული, თანამდებობა დატოვა.

ღვედაშვილი ამბობს, რომ  მას დათვზე უკანონო ნადირობაში მონაწილეობა არასდროს მიუღია  და არც მედიით გავრცელებულ ფოტოსურათებზე ასახული ცხოველების მოკვლასთან კავშირს ადასტურებს. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება, იმიტომ მოიიღო, რომ პროკურატურის იმიჯზე ზრუნავს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე, გამეკეთებინა განცხადება ბოლო პერიოდში მასმედიით გავრცელებულ ფოტოსურათებთან დაკავშირებით, რომლებზეც დაფიქსირებული ვართ მე და ჩემი მეგობრები მოკლულ დათვთან. მინდა, აღვნიშნო, რომ თითქმის ოცი წელია, ვმუშაობ პროკურატურის სისტემაში და ჩემი მუშაობის, ისევე, როგორც ჩემი ცხოვრების ძირითადი პრინციპი იყო კეთილსინდისიერება და მაღალი პასუხისმგებლობა. არასოდეს გადამიხვევია კანონის მოთხოვნებიდან.

მიუხედავად იმისა, რომ დათვზე უკანონო ნადირობაში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა და არც მასმედიით გავრცელებულ ფოტოსურათებზე ასახული ცხოველის მოკვლასთან კავშირს ვადასტურებ, სწორედ ჩემი პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არ გაჩნდეს კიდევ დამატებითი კითხვები, რამაც შეიძლება, იმოქმედოს პროკურატურის იმიჯზე, იმ უწყებაზე, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მე მივიღე გადაწყვეტილება და საქართველოს მთავარ პროკურორს მივმართე განცხადებით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ",
- აცხადებს ღვედაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, "წითელ ნუსხაში" შეტანილი დათვი, რომელზეც გურჯაანის პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა, პროკურატურის სხვა თანამშრომლებთან ერთად ინადირა.
| Print |
FaceBook Twitter Google