ფერმერული კოოპერატივებისთვის კონკურსი იწყება
არასამთავრობო ორგანიზაცია "მერსი ქორფსის" წარმომადგენლები, სასოფლო მუნიციპალიტეტებში ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით კონკურს ატარებენ.
პროექტით დაინტერესებულ პირებს, "მერსი ქორფსის" წარმომადგენლები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში შეხვდნენ. შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილიც ესწრებოდნენ.
პროგრამის სპეციფიკური ამოცანაა: ხელი შეუწყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელებას ფერმერული ჯგუფების, სასოფლო-სამეურნეო მომსახურების მიმწოდებლებისა და სახელმწიფო სექტორის შესაძლებლობის ზრდის მეშვეობით. პროგრამის ფარგლებში მოხდება არსებული და ახალი ფერმერული ჯგუფების დატრენინგება და მათი დაფინანსება 15 000 ევროიანი ქვეგრანტით, რაც ფერმერთა ჯგუფის მინიმუმ 30%-იან მონაწილეობას გულისხმობს. პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 70 ფერმერული გაერთიანება შეირჩევა. დღეისათვის დაფინანსებულია 50 პროექტი. დედოფლისწყაროელ ფერმერებს კონკურსში მონაწილეობის საშუალება პირველად მიეცათ. კონკურსში მონაწილე მსურველებს აპლიკაციების შევსება 25 ნოემბრიდან შეეძლებათ.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მას ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარებისათვის საქართველოში (ENPARD) აფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები