ახალსოფელში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბაღი გაიხსნა
სოფელ ახალსოფელში, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყო.
ბაღი, რომელიც ერთსართულიან, მცირე ზომის შენობაში იყო განთავსებული ამორტიზებული იყო, ამიტომ ნაწილობრივ მისი დემონტაჟი გახდა საჭირო. ამჟამად ორსართულიანი, კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი 120 აღსაზრდელზეა გათვლილი და ყველა საჭირო სტანდარტს აკმაყოფილებს. თანამედროვედ აღჭურვილი ჯგუფები, სამზარეულო, სველი წერტილები, ატრაქციონები ეზოში, კომფორტულ პირობებს უქმნის აღსაზრდელებს და აღმზრდელებს.
პროექტი, საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენ დავით ხახუტაშვილის მიერ საქართველოში დაარსებული საქველმოქმედო ფონდის "დავით აღმაშენებლის" მიერ განხორციელდა. დავით ხახუტაშვილი სოფელ ახალსოფელში დაიბადა და გაიზარდა, მისი უანგარო სურვილი, სოფლისთვის სასიკეთო და სასარგებლო საქმე გაეკეთებინა, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე შეჩერდა.
საბავშვო ბაღი, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია მზექალაშვილი, მოადგილესთან და ბაღების გაერთიანების თანამშრომლებთან ერთად დაესწრო.
მასალის გამოყენების პირობები